მზია ამაღლობელი — ქართველი ჟურნალისტი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წევრი. 2025 წლის 12 იანვარს, საქართველოს საპროტესტო აქციების დროს, მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ, რაც ბათუმის პოლიციის უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ სილა გააწნა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. სამართალმცოდნეების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი და მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და საქმეში პოლიტიკურ მოტივებზე მიანიშნებს. ჟურნალისტის წინასწარ პატიმრობაში დატოვება შეფასდა, როგორც თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. დაკავების შემდეგ, ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად სრული შიმშილობა გამოაცხადა და 38 დღის განმავლობაში უარს ამბობდა საკვების მიღებაზე. მზია ამაღლობელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პირველ ქალ ჟურნალისტ პოლიტიკურ პატიმრად ითვლება. თბილისსა და ბათუმში მედიამენეჯერის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა მრავალი აქცია.
სან-ხასინტოს ბრძოლატეხასის რევოლუცია ან იგივე ტეხასის ომი დამოუკიდებლობისათვის — შეიარაღებული კონფლიქტი მექსიკასა და მისი ერთ-ერთი შტატის — კოაუილა-ი-ტეხასის შემადგენელი ნაწილის – ტეხასის ახალმოსახლეთა შორის. ომი გრძელდებოდა 1835 წლის 2 ოქტომბრიდან 1836 წლის 21 აპრილამდე, მაგრამ ზღვაზე ბრძოლები 1840 წლამდე გაგრძელდა. დაპირისპირებები ტეხასის ამერიკელ მაცხოვრებლებსა (რომლებიც იქ მცხოვრებ მექსიკელებზე მეტნი იყვნენ) და მექსიკის მთავრობას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 1835 წელს, მექსიკის პრეზიდენტმა, გენერალმა ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანამ გააუქმა 1824 წლის კონსტიტუცია და მიიღო ახალი, ანტი-ფედერალისტური კონსტიტუცია.